თავი I
შესავალი
ძველი ინდოელების მიღწევები ფილოსოფიის სფეროში ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი; სამწუხაროდ, ვითარება თვით ინდოეთშიც კი არ არის უკეთესი. არსებობს ინდუისტ სწავლულთა და ასკეტთა მცირერიცხოვანი წრე, რომელთა წევრებიც განმარტოებულ და საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან განდგომილ ცხოვრებას ეწევიან და ამ საგანს საფუძვლიანად იცნობენ. თუმცა, ისინი ინგლისურ ენას არ ფლობენ, თანამედროვე აზროვნების წესებსაც არ არიან შეჩვეულნი, ხოლო მოსაზრება, რომ საგნის ფართო საზოგადოებაში გასავრცელებლად წიგნები ვერნაკულარულ (ხელმისაწვდომ) ენაზე უნდა დაწერონ, მათთვის მიმზიდველი არ არის. ევროპასა და ინდოეთში მოქმედი სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების და ცალკეულ პირთა ძალისხმევით სანსკრიტსა და პალიზე შექმნილი მრავალი ფილოსოფიური ნაშრომი გამოიცა; გამოქვეყნდა ზოგიერთი მათგანის თარგმანიც. მიუხედავად ამისა, სწავლულთა მხრიდან ჯერ კიდევ თითქმის არ ყოფილა მათი სისტემატურად შესწავლისა და ღირებულების შეფასების მცდელობა. ინდური აზროვნების თითქმის ყველა სისტემის შესახებ სანსკრიტზე ასობით ნაშრომი არსებობს, რომელთაგან მხოლოდ მეასედი თუ იქნება თარგმნილი. ინდური აზრის გამოხატვის ფორმები, რომლებიც რთულ სპეციალურ ფილოსოფიურ ტერმინებს მოიცავს, იმდენად განსხვავდება ევროპული აზროვნებისათვის დამახასიათებელი გამოხატვის ფორმებისაგან, რომ მათი ზუსტად თარგმნა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ სანსკრიტის არმცოდნე პირისთვის მეტად რთულია, მხოლოდ თარგმანებზე დაყრდნობით, ინდური ფილოსოფიური აზრი მისი ნამდვილი მნიშვნელობითა და სათანადო კონტექსტით გაიგოს. პალი სანსკრიტთან შედარებით გაცილებით მარტივი ენაა, თუმცა მისი ცოდნა მხოლოდ ადრეული ბუდიზმის გაგებაშია გამოსადეგი — იმ პერიოდისა, როდესაც ბუდიზმი ჯერ კიდევ ნახევრად ფილოსოფიური განვითარების საფეხურზე იმყოფებოდა. სანსკრიტი, საზოგადოდ, რთულ ენად მიიჩნევა. მაგრამ ვედური ან ჩვეულებრივი ლიტერატურული სანსკრიტის ცოდნის საფუძველზე ვერავინ შეიქმნის სათანადო წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რაოდენ რთულია სანსკრიტული ფილოსოფიური ლიტერატურის ლოგიკური და აბსტრაქტული ნაწილები. ადამიანს, რომელსაც ადვილად შეუძლია ვედების, უპანიშადების, პურანების, სამართლის წიგნებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების გაგება და, ამასთანავე, კარგად იცნობს ევროპულ ფილოსოფიურ აზროვნებას, შესაძლოა პირდაპირ შეუძლებლად მოეჩვენოს განვითარებული ინდური ლოგიკის ან დიალექტიკური ვედანტისადმი მიძღვნილი ნაშრომის თუნდაც მცირე მონაკვეთის გაგება. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, სპეციალური ტერმინების გამოყენება და აზრის უკიდურესად შემოკლებული ფორმით გამოხატვა, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა სისტემების მოძღვრებებზე გაკეთებული ფარული მინიშნებები. ფილოსოფიური პრობლემების ნათლად და არაორაზროვნად გააზრებისაკენ მიდრეკილება სანსკრიტული აზროვნების მნიშვნელოვანი თავისებურებაა. თუმცა, IX საუკუნიდან განსაკუთრებით თვალსაჩინოდ განვითარდა მკაფიო, განსაზღვრული და ზუსტი გამოთქმების გამოყენების ჩვევა, რის შედეგადაც მრავალი სპეციალური ტერმინი შეიქმნა. ეს ტერმინები იშვიათად არის სათანადოდ განმარტებული; იგულისხმება, რომ მკითხველი, რომელსაც ამ ნაშრომების შესწავლა სურს, მათ წინასწარ უნდა იცნობდეს. ძველად, ვინც რომელიმე ფილოსოფიური სისტემის შესწავლას შეუდგებოდა, ეს აუცილებლად მასწავლებლის ხელმძღვანელობით უნდა გაეკეთებინა, რომელიც მას შესაბამის ტერმინებს განუმარტავდა. თავად მასწავლებელს ეს ცოდნა თავისი მასწავლებლისაგან ჰქონდა მიღებული, ამ უკანასკნელს კი — თავისი მასწავლებლისაგან. ფილოსოფიის პოპულარიზაციისკენ სწრაფვა არ არსებობდა, რადგან იმხანად გავრცელებული შეხედულების თანახმად, მხოლოდ იმ მცირერიცხოვან რჩეულებს, რომლებსაც სხვა მხრივაც დაემტკიცებინათ საკუთარი შესაბამისობა, შეეძლოთ, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ფილოსოფიის შესწავლის უფლებამოსილ და სათანადოდ მომზადებულ მოწაფეებად (adhikārī) ქცეულიყვნენ. ფილოსოფიის შესწავლის უფლება მხოლოდ მათ ეძლეოდათ, ვისაც საკმარისი სიმტკიცე და მაღალი ზნეობრივი ძალა შესწევდა, რათა მთელი ცხოვრება ფილოსოფიის ჭეშმარიტი გაგებისა და მისი ამაღლებული ჭეშმარიტებების შესაბამისად საკუთარი ცხოვრების გარდაქმნისათვის მიეძღვნა.
კიდევ ერთი სირთულე, რომელსაც დამწყები წააწყდება, ისაა, რომ ზოგჯერ ერთი და იგივე სპეციალური ტერმინები სხვადასხვა სისტემაში სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება. შემსწავლელმა თითოეული სპეციალური ტერმინის მნიშვნელობა იმ სისტემასთან მიმართებით უნდა იცოდეს, რომელშიც იგი გვხვდება; ამ საკითხში ვერც ერთი ლექსიკონი ვერ გაუწევს მას მნიშვნელოვან დახმარებას. მათი მნიშვნელობების ათვისება მას თანდათან, შესწავლის პროცესში, შესაბამის კონტექსტებში მათი გამოყენების კვალდაკვალ მოუწევს. ალუზიები სხვა სისტემების დოქტრინების მიმართებით და მათი უარყოფა რომელიმე მსგავსი დოქტრინის განხილვისას ნებისმიერ ცალკეულ ფილოსოფიურ სისტემაში ხშირად კარგად მომზადებულ მკითხველსაც კი ძლიერ აბნევს. მართლაც, შეუძლებელია მისგან სხვა სისტემების ყველა დოქტრინის ცოდნას მოველოდეთ, თუკი ისინი უშუალოდ არ შეუსწავლია; ამიტომ ხშირად ძნელდება იმ პასუხებისა და უარყოფების მთელი ჯაჭვის მიდევნება, რომელიც ასეთი განხილვების მიმდინარეობისას უწყვეტად წარმოიშობა. სანსკრიტზე არსებობს ორი მნიშვნელოვანი კომპენდიუმი, რომლებშიც ინდური აზროვნების ზოგიერთი ძირითადი სისტემაა შეჯამებული, კერძოდ: Sarvadarśanasaṃgraha და ჰარიბჰადრას Ṣaḍdarśanasamuccaya, რომელსაც გუნარატნას კომენტარი ახლავს. თუმცა, პირველი მათგანი უაღრესად ზოგად და სქემატურ მიმოხილვას გვთავაზობს და რომელიმე სისტემის ონტოლოგიური თუ ეპისტემოლოგიური მოძღვრებების გაგებას მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ შეუწყობს ხელს. ეს ნაშრომი კაუელმა და გოფმა თარგმნეს, თუმცა, ვშიშობ, მათი თარგმანი მკითხველისთვის მაინცდამაინც გასაგები ვერ აღმოჩნდება. რაც შეეხება ჯაინიზმს, გუნარატნას კომენტარი შესანიშნავია; ზოგჯერ იგი სხვა სისტემების შესახებაც გვაწვდის საინტერესო ცნობებს და რამდენიმე მოკლე ბიბლიოგრაფიულ შენიშვნასაც შეიცავს. თუმცა, ავტორი იშვიათად გადადის იმ ეპისტემოლოგიური თუ ონტოლოგიური მოძღვრებებისა და დისკუსიების განმარტებაზე, რომელთა ცოდნაც ინდური აზროვნების ნებისმიერი განვითარებული სისტემის სწორად გასაგებად აუცილებელია. ამგვარად, იმგვარი ნაშრომის არარსებობის პირობებში, რომელიც მოკლედ გადმოგვცემდა ინდოელი მოაზროვნეების ძირითად ეპისტემოლოგიურ, ონტოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პოზიციებს, რთულია განვითარებული ფილოსოფიური ლიტერატურის გაგება სანსკრიტის კარგი მცოდნისთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შესაძლოა მრავალ სპეციალურ ფილოსოფიურ ტერმინს იცნობდეს. ინდური ფილოსოფიის შესწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე უკვე საკმარისად ვისაუბრე. თუმცა, როდესაც ადამიანი სპეციალურ ტერმინებს, სხვადასხვა ინდოელი მოაზროვნის ზოგად პოზიციებსა და მათთვის დამახასიათებელ გამოხატვის ფორმებს შეეჩვევა, მოთმინებითა და დაუღალავი შრომით მას მთელი ამ სფეროს დაუფლება შეუძლია. სპეციალურ ტერმინებს, რომლებიც თავდაპირველად სირთულის წყაროა, განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება იმ ავტორთა აზრის ზუსტი და მკაფიო მნიშვნელობის გაგებისათვის, რომლებიც მათ იყენებდნენ; ამასთან, მათი მცდარი ინტერპრეტაციისა თუ არასწორად გაგების შესაძლებლობა მინიმუმამდე მცირდება. ვფიქრობ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სპეციალური ტერმინებისათვის თავის არიდება ფილოსოფიურ ნაშრომებს ხშირად ზედმეტად სიტყვამრავალს ხდიდა და მცდარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ზრდიდა. ნათლად წერის ხელოვნება მართლაც იშვიათი ღირსებაა და ყველა ფილოსოფოსს ვერ ექნება ეს უნარი. თუმცა, როდესაც სპეციალური გამოთქმები სათანადოდ არის ჩამოყალიბებული, ცუდ მწერალსაც კი შეუძლია საკუთარი აზრი გასაგებად გადმოსცეს. ბუდისტური ფილოსოფიის ადრეულ პერიოდში, პალის ლიტერატურაში, აღნიშნული სირთულე განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. აქ გვხვდება რამდენიმე სპეციალური ტერმინი, რომელთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეტად მოქნილი და დაუდგენელია; სხვადასხვა ადგილას მათი მეტ-ნაკლებად განსხვავებული მნიშვნელობით განმეორებითი გამოყენება კიდევ უფრო ართულებს იმ ნამდვილი აზრის გაგებას, რომლის გადმოცემაც ავტორს განზრახული ჰქონდა.
მაგრამ აუცილებელია კი ინდური ფილოსოფიის ისტორიის დაწერა? ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ინდოელები უბრალო რწმენის საფეხურს ვერასოდეს გასცდნენ და, შესაბამისად, ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით, მათ საერთოდ ვერ ექნებოდათ ფილოსოფია. მაგალითად, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენკ თილი თავის ნაშრომში ფილოსოფიის ისტორია წერს: „ფილოსოფიის საყოველთაო ისტორია ყველა ხალხის ფილოსოფიას უნდა მოიცავდეს. თუმცა, ყველა ხალხს არ შეუქმნია აზროვნების ნამდვილი სისტემები, და მხოლოდ რამდენიმე მათგანის სპეკულაციური აზროვნების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მას ისტორია აქვს. მრავალი მათგანი მითოლოგიურ საფეხურს ვერ სცდება. აღმოსავლეთის ხალხების — ინდოელების, ეგვიპტელებისა და ჩინელების — მოძღვრებებიც კი, ძირითადად, მითოლოგიური და ეთიკური დოქტრინებისაგან შედგება და სრულად განვითარებულ სააზროვნო სისტემებს არ წარმოადგენს: ისინი მთლიანად გამსჭვალულია პოეზიითა და რწმენით. ამიტომ ჩვენ მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების შესწავლით შემოვიფარგლებით და ძველი ბერძნების ფილოსოფიით დავიწყებთ, რომელთა კულტურასაც ჩვენი ცივილიზაცია ნაწილობრივ ეფუძნება.“ ეჭვგარეშეა, კიდევ მრავალი ადამიანი იზიარებს ამგვარ არაინფორმირებულ და მცდარ შეხედულებებს, რაც მხოლოდ მათს უცოდინრობას ავლენს ინდოეთთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. ამ შეხედულებების უარსაყოფად რაიმეს წინასწარ თქმა აუცილებელი არ არის, რადგან, იმედი მაქვს, შემდგომი განხილვა მათი რწმენის სიმცდარეს თავად წარმოაჩენს. ხოლო თუ ისინი ამით არ დაკმაყოფილდებიან და სხვადასხვა სისტემის შინაარსის უფრო ზუსტად და ვრცლად გაცნობა მოისურვებენ, ვშიშობ, მოუწევთ იმ პირველწყაროებისადმი მიმართვა, რომლებიც შესაბამისი თავების ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებშია მითითებული.
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც ინდური ფილოსოფიის ისტორიის დაწერის მცდელობისათვის დრო ჯერ არ დამდგარა. ამ მოსაზრების სასარგებლოდ, ორი განსხვავებული თვალსაზრისიდან, ორი სხვადასხვა საფუძველი მოჰყავთ. ამბობენ, რომ ინდური ფილოსოფიის სფერო იმდენად ვრცელია და თითოეული სისტემის შესახებ იმდენად დიდი მოცულობის ლიტერატურა არსებობს, რომ ვერავინ შეძლებს მასალის უშუალოდ პირველწყაროებიდან შეგროვებას, ვიდრე თითოეულ ცალკეულ სისტემაზე მომუშავე სპეციალისტები მათ შესახებ დამოუკიდებელ გამოკვლევებს არ მოამზადებენ. ამ შენიშვნაში გარკვეული ჭეშმარიტება მართლაც არის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი სისტემის შესახებ არსებული ლიტერატურა უაღრესად ვრცელია, ამ ნაშრომთა დიდი ნაწილი, მეტ-ნაკლებად, ერთი და იმავე საკითხების განმეორებას წარმოადგენს. ამიტომ თითოეული სისტემის შესახებ ოცი ან ოცდაათი მნიშვნელოვანი ნაშრომის გონივრულად შერჩევა უდავოდ შესაძლებელია, რაც ამ სისტემის საკმაოდ ზუსტ გადმოცემას მოგვცემდა. ამ მიმართულებით ჩემს საკუთარ ნაშრომში ყოველთვის უშუალოდ ორიგინალ ტექსტებს ვეყრდნობოდი და ვცდილობდი, მასალა იმ წყაროებიდან შემეგროვებინა, რომლებშიც შესაბამისი მოძღვრებები ყველაზე სრულყოფილი სახით არის წარმოდგენილი. ნაშრომის მოცულობა მკაცრად შეზღუდული მქონდა, ამიტომ მხოლოდ ის თავისებურებები შევარჩიე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად მესახებოდა. იძულებული გავხდი, გამომეტოვებინა რთულ პრობლემებთან დაკავშირებული მრავალი განხილვა, აგრეთვე თითოეული სისტემის მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი მიმართებები ფილოსოფიის სხვადასხვა საინტერესო საკითხთან. იმედი მაქვს, ეს ნაკლი საპატიოდ ჩაითვლება ფილოსოფიის იმგვარ ისტორიაში, რომელიც ამომწურავობის პრეტენზიას არ აცხადებს. ნაშრომს, მართლაც, მრავალი ხარვეზი და ნაკლოვანება აქვს, რომელთა რაოდენობაც გაცილებით ნაკლები იქნებოდა, მისი ავტორი ამჟამინდელზე უფრო უნარიანი რომ ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ წინამდებარე მცდელობის არასრულყოფილება სტიმულს მისცემს მათ, ვისი უკეთესი და უფრო კომპეტენტური ნაშრომებიც მას მომავალში ჩაანაცვლებს. არც ერთი მცდელობა არ უნდა გამოცხადდეს შეუძლებლად მხოლოდ იმის გამო, რომ იგი არასრულყოფილია.
მეორე მხრივ, ამბობენ, რომ ინდოელებს სათანადო და ზუსტი ისტორიული ჩანაწერები და ბიოგრაფიული ცნობები არ გააჩნდათ და, შესაბამისად, ინდური ფილოსოფიის ისტორიის დაწერა შეუძლებელია. ეს შენიშვნაც ნაწილობრივ საფუძვლიანია. თუმცა, ეს ნაკლოვანება იმდენად არ გვიშლის ხელს, რამდენადაც ერთი შეხედვით შეიძლება ვივარაუდოთ; მართალია, ადრეული დასაწყისების თარიღები მეტად ბუნდოვანია, მაგრამ მოგვიანო პერიოდებთან მიმართებით შეგვიძლია ზოგიერთი თარიღი სარწმუნოდ დავადგინოთ, ხოლო სხვა მოაზროვნეთა შემთხვევაში — მათი ქრონოლოგიური წინამავლობა და შემდგომადობა განვსაზღვროთ. ვინაიდან სისტემათა უმრავლესობა მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთმანეთის პარალელურად ვითარდებოდა, თანდათან ყალიბდებოდა მათ შორის ურთიერთმიმართებებიც, რომელთა დაკვირვება და შესწავლა სავსებით შესაძლებელია. ამ განვითარების განსაკუთრებულ ხასიათს მეოთხე თავში შევეხე. სისტემათა უმრავლესობა სათავეს მეტად ადრეულ ხანაში იღებდა და შემდგომ საუკუნეთა განმავლობაში უწყვეტად ვითარდებოდა. ამიტომ, შეუძლებელია რომელიმე კონკრეტულ პერიოდში გარკვეული სისტემის ფილოსოფიური მდგომარეობა ავიღოთ და იგი იმავე სისტემის მოგვიანო მდგომარეობას დავუპირისპიროთ; ვინაიდან მოგვიანო მდგომარეობა წინამორბედს კი არ ანაცვლებდა, არამედ მის უფრო თანმიმდევრულ ფორმას წარმოადგენდა — ფორმას, რომელიც, ზოგადად, თავდაპირველი სისტემის ერთგული რჩებოდა, თუმცა, უფრო განსაზღვრული და მკაფიო იყო. დასავლეთის ქვეყნებში ისტორიულ ევოლუციას ხშირად ფილოსოფიური აზროვნების ახალი და უფრო თანმიმდევრული ტიპების წარმოშობა მოჰქონდა; ინდოეთში კი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტიპები უცვლელი რჩებოდა, ისტორიული განვითარების პროცესში ისინი სულ უფრო თანმიმდევრული, მკაფიო და განსაზღვრული ხდებოდა. ამ სისტემათა შემადგენელი ნაწილების უმრავლესობა, სავარაუდოდ, უკვე ადრეულ საფეხურებზეც არსებობდა, თუმცა, ჯერ კიდევ არადიფერენცირებულ მდგომარეობაში. ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებული სხვადასხვა სკოლის კრიტიკისა და დაპირისპირების შედეგად, თითოეული სააზროვნო სისტემის შემადგენელი ნაწილები თანდათან სულ უფრო დიფერენცირებული, განსაზღვრული და თანმიმდევრული ხდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს განვითარება თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა, მრავალ შემთხვევაში კი ადრეული ფორმები დაკარგულია ან იმდენად არასრულყოფილადაა გამოხატული, რომ მათგან რაიმე განსაზღვრულის დადგენა შეუძლებელია. სადაც ფილოსოფიური თვალსაზრისით ამგვარი დიფერენცირების განხორციელება შესაძლებელი იყო, შევეცადე, ეს გამეკეთებინა. თუმცა, არასოდეს მიმაჩნდა სასურველად, რომ ფილოსოფიური ინტერესი ქრონოლოგიურ ინტერესს დაქვემდებარებოდა. ეჭვგარეშეა, უფრო ზუსტი ქრონოლოგიური ინფორმაციის არსებობა მეტად სასურველი იქნებოდა; მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ჩვენ ხელთ არსებული მწირი ქრონოლოგიური მონაცემებიც საკმარის დახმარებას გვიწევს იმის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, თუ როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა სხვადასხვა სისტემა ურთიერთზემოქმედებისა და დაპირისპირების შედეგად. ინდოეთში ფილოსოფიის განვითარების პირობები ევროპაში არსებული პირობების მსგავსი რომ ყოფილიყო, ზუსტ ქრონოლოგიურ ცოდნას გაცილებით უფრო აუცილებელი მნიშვნელობა ექნებოდა. როდესაც ერთი სისტემა მეორეს ანაცვლებს, აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი უსწრებდა წინ და რომელი მოჰყვებოდა მას. მაგრამ როდესაც სისტემები ერთმანეთის გვერდიგვერდ ვითარდება და ჩვენამდე მათი უფრო მდიდარი და სრულყოფილი ფორმები აღწევს, მათი ადრეული წარმოშობის პირობების, ხასიათისა და გარემოსადმი ინტერესი უფრო ისტორიულია, ვიდრე ფილოსოფიური. შევეცადე, რამდენადაც შემეძლო, ზოგიერთი სისტემის ადრეული საფეხურების შესახებ გარკვეული ზოგადი წარმოდგენები შემექმნა. მართალია, ამ საფეხურებზე აღნიშნული სისტემების სხვადასხვა თავისებურების დეტალურად დადგენა შესაძლოა შეუძლებელი იყოს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს გარემოება ვერასოდეს ჩაითვლება მთელი პროექტის საფუძველგამომცლელად. უფრო მეტიც, ერთი და იმავე სისტემის წარმომადგენელ მოაზროვნეთა ზუსტი თარიღები რომც ვიცოდეთ, მათ მაინც ვერ განვიხილავდით ერთმანეთისაგან განცალკევებით, როგორც ამას ევროპული ფილოსოფიის შემთხვევაში აკეთებენ, ისე, რომ ერთი და იგივე საკითხი სრულიად უსარგებლოდ ოცჯერ არ გაგვემეორებინა; რადგან ისინი ყველანი ერთსა და იმავე სისტემას განიხილავდნენ და ცდილობდნენ, ერთი და იმავე ტიპის აზროვნება სულ უფრო განსაზღვრული ფორმებით გამოეხატათ.
ინდოეთის უძველესი ლიტერატურული ძეგლები ვედებია. ისინი უმთავრესად ბუნების ღვთაებების — ცეცხლის, ქარისა და სხვათა — სადიდებელ ჰიმნებს მოიცავს. ვედების გვიანდელი ნაწილების ზოგიერთ ჰიმნს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. დაახლოებით 1000 წლით თარიღდება, მათში ფილოსოფია, ამ ტერმინის ჩვენეული მნიშვნელობით, დიდად არ გვხვდება. სწორედ აქ ვაწყდებით პირველად უაღრესად საინტერესო, მეტ-ნაკლებად კოსმოლოგიური ხასიათის ფილოსოფიურ კითხვებს, რომლებიც პოეზიისა და წარმოსახვის ენითაა გამოხატული. ვედურ ჰიმნებს მოჰყვა უმთავრესად პროზით დაწერილი გვიანდელი ვედური ტექსტები, რომლებსაც ბრაჰმანები (Brāhmaṇas) და არანიაკები (Āraṇyakas) ეწოდება. მათში ორი ტენდენცია იკვეთება: ერთი მათგანი რიტუალური თაყვანისცემის მაგიური ფორმების დამკვიდრებას ესწრაფვის, ხოლო მეორე უხეში განზოგადებების მეშვეობით სპეკულაციურ აზროვნებას მისდევს. ეს უკანასკნელი ტენდენცია, მართლაც, პირველზე გაცილებით სუსტი იყო და შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილებაც კი შექმნილიყო, თითქოს რიტუალისტურ ტენდენციას მთლიანად შთაენთქა ფილოსოფიის ის მცირედი ელემენტებიც, რომელთა გამოხატვას ვედური ჰიმნების გვიანდელი ნაწილები ცდილობდა. თუმცა, არსებობს უტყუარი ნიშნები იმისა, რომ ეს ტენდენცია მაინც არსებობდა და მუშაობდა. მათ შემდეგ მოდის პროზითა და ლექსად დაწერილი გარკვეული ტრაქტატები, რომლებსაც უპანიშადები (Upaniṣads) ეწოდება. ისინი მრავალგვარ ფილოსოფიურ მოსაზრებას შეიცავს — უმთავრესად მონისტური ან სინგულარისტული ხასიათისას, თუმცა, მათ შორის გვხვდება პლურალისტური და დუალისტური შეხედულებებიც. ესენი მსჯელობით დასაბუთებული დებულებები კი არ არის, არამედ ინტუიციურად აღქმული ჭეშმარიტებების დებულებებია — ჭეშმარიტებებისა, რომლებიც უპირობოდ რეალურად და უეჭველად განიცდება და დიდი ძალით, ენერგიულობითა და დამაჯერებლობით გამოირჩევა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ლიტერატურის მრავალი უძველესი ნაწილი ძვ. წ. 500–700 წლებით თარიღდებოდეს. ბუდისტური ფილოსოფია ბუდასთან ერთად, დაახლოებით ძვ. წ. 500 წლისათვის იღებს დასაბამს. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ბუდისტური ფილოსოფია ინდოეთში, ამა თუ იმ სიცოცხლისუნარიანი ფორმით, დაახლოებით ახ. წ. X ან XI საუკუნემდე განაგრძობდა განვითარებას. ინდური აზროვნების სხვა სისტემათა უძველესი საწყისებიც უმთავრესად ბუდას ეპოქიდან ძვ. წ. დაახლოებით 200 წლამდე პერიოდში უნდა ვეძიოთ. ჯაინური ფილოსოფია, სავარაუდოდ, ბუდას წინ უსწრებს. თუმცა, მისი ადრეული პერიოდის გარდა, როდესაც იგი ბუდას მოძღვრებებთან დაპირისპირებაში შევიდა, არ ჩანს, რომ ჯაინურ აზროვნებას ინდუისტური აზროვნების სხვა სისტემებთან მნიშვნელოვანი შეხება ჰქონოდა. გვიანდელი ვაიშნავური აზროვნების ზოგიერთი ფორმის გარდა, ინდუისტ ავტორებთან ან გვიანდელ ბუდისტებთან ჯაინური აზროვნება იშვიათად მოიხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჯაინი მოაზროვნე, მაგალითად, ჰარიბჰადრა და გუნარატნა, ინდუისტური და ბუდისტური სისტემების უარყოფას ცდილობდა. მათი რელიგიისა და იდეალის არაგრესიული ხასიათი ამას გარკვეულწილად შესაძლოა ხსნიდეს, თუმცა, შესაძლოა, არსებობდა სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოცნობა ჩვენთვის რთულია. საინტერესოა, რომ, მიუხედავად ჯაინთა შორის დოგმატურ და სარწმუნოებრივ საკითხებზე არსებული გარკვეული უთანხმოებებისა, ჯაინური ფილოსოფია, ბუდისტური აზროვნებისაგან განსხვავებით, ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულ მრავალ სააზროვნო სკოლად არ დანაწევრებულა.
ამ ნაშრომის პირველი ტომი ბუდისტურ და ჯაინურ ფილოსოფიას, აგრეთვე ინდუისტური აზროვნების ექვს სისტემას მოიცავს. ორთოდოქსული ინდუისტური აზროვნების ეს ექვსი სისტემაა: სანქჰია (Sāṃkhya), იოგა (Yoga), ნიაია (Nyāya), ვაიშეშიკა (Vaiśeṣika), მიმანსა (Mīmāṃsā), რომელიც ჩვეულებრივ პურვა-მიმანსას (Pūrva Mīmāṃsā) სახელითაა ცნობილი, და ვედანტა (Vedānta), რომელსაც აგრეთვე უტარა-მიმანსას (Uttara Mīmāṃsā) უწოდებენ. მათგან სანქჰიად და იოგად წოდებული მოძღვრებები, სინამდვილეში, ერთი სისტემის განსხვავებული სკოლებია. გვიანდელ ხანაში ვაიშეშიკა და ნიაია იმდენად შეერწყა ერთმანეთს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ პერიოდში ვაიშეშიკას მიმანსასთან უფრო მეტი მსგავსება ჰქონდა, ვიდრე ნიაიასთან, საბოლოოდ ისინი არსებითად თითქმის ერთსა და იმავე სისტემებად იქნა მიჩნეული. ამიტომ ნიაია და ვაიშეშიკა ამ ნაშრომში ერთადაა განხილული. ამ სისტემების გარდა, ახ. წ. IX საუკუნიდან თანდათან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა რამდენიმე თეისტურმა სისტემამ. სავარაუდოდ, მათი ადრეული საწყისებიც უპანიშადების ეპოქას განეკუთვნება. თუმცა, იმხანად მათი ინტერესი, ალბათ, უმთავრესად მორალისა და რელიგიის პრობლემებზე იყო კონცენტრირებული. არ არის გამორიცხული, რომ ისინი გარკვეულ მეტაფიზიკურ თეორიებთანაც ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ ამ მოძღვრებათა სისტემატურად განმხილველი ნაშრომები დღეს აღარ მოგვეპოვება. მათ ადრეულ ნაშრომთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბჰაგავადგიტა (Bhagavadgītā). ეს თხზულება სამართლიანად მიიჩნევა ინდუისტური აზროვნების ერთ-ერთ უდიდეს შედევრად. იგი ლექსადაა დაწერილი და მორალურ, რელიგიურ და მეტაფიზიკურ პრობლემებს არასისტემური ფორმით განიხილავს. სწორედ სისტემისა და მეთოდის ნაკლებობა ანიჭებს მას თავისებურ მომხიბვლელობას, რომელიც უფრო მეტად უპანიშადების პოეზიას ენათესავება, ვიდრე ინდუისტური აზროვნების დიალექტიკურ და სისტემატურ ფორმებს. IX საუკუნიდან მოყოლებული ცდილობდნენ, მიმოქცევაში არსებული და რელიგიურ მრწამსთა განუყოფელ ნაწილად ქცეული ეს არასისტემურად ჩამოყალიბებული თეისტური იდეები მეტაფიზიკური თეორიებით შეევსოთ. თეიზმი ხშირად დუალისტური და პლურალისტურია; ასეთივეა ყველა ეს სისტემაც, რომლებიც ვაიშნავური ფილოსოფიის სხვადასხვა სკოლის სახელითაა ცნობილი. ვაიშნავ მოაზროვნეთა უმრავლესობას სურდა ეჩვენებინა, რომ მათი სისტემები უკვე უპანიშადებში იყო გადმოცემული. საკუთარი ინტერპრეტაციების დასასაბუთებლად ისინი უპანიშადებზე კომენტარებს წერდნენ; აგრეთვე ქმნიდნენ კომენტარებს ბრაჰმასუტრაზე (Brahmasūtra), რომელიც უპანიშადების ფილოსოფიის კლასიკურ სისტემატურ გადმოცემას წარმოადგენს. ამ ვაიშნავ მოაზროვნეთა ნაშრომების გარდა, წარმოიშვა უფრო ეკლექტიკური ხასიათის თეისტურ თხზულებათა კიდევ ერთი ჯგუფი. მათი საწყისებიც უპანიშადების ეპოქის მსგავსი სიძველის პერიოდებში უნდა ვეძიოთ. ისინი ცნობილია როგორც შაივური და ტანტრული აზროვნება და განხილული იქნება ამ ნაშრომის მეორე ტომში.
ამრიგად, ვხედავთ, რომ ინდუისტური აზროვნების სისტემათა უმრავლესობის უძველესი საწყისები შეიძლება ძვ. წ. 600 წლიდან ძვ. წ. 100 ან 200 წლამდე პერიოდს მივაკუთვნოთ. უკიდურესად რთულია, რაიმე სარწმუნოობით განვსაზღვროთ ამ სისტემათა ქრონოლოგიური ურთიერთწინამავლობა. წინამდებარე ნაშრომში ზოგიერთი სისტემის მიმართ ამგვარი ჰიპოთეზური მცდელობები განხორციელდა, თუმცა, რამდენად მართებულია ისინი, ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდვია. ამასთანავე, რომელიმე სისტემის თავდაპირველი გამოვლინებისას, ჩვეულებრივ, მხოლოდ მისი ზოგადი და ჯერ კიდევ დაუმუშავებელი კონტურები იკვეთება. დროთა განმავლობაში სააზროვნო სისტემები ერთმანეთის გვერდიგვერდ იწყებდა განვითარებას. მათი უმრავლესობა, ჩასახვის დროიდან დაახლოებით ახ. წ. XVII საუკუნემდე, მასწავლებლებისა და მოწაფეების უწყვეტი მემკვიდრეობითი ჯაჭვის მეშვეობით გადაეცემოდა. ინდუისტური აზროვნების თითოეულ სისტემას მიმდევრები დღესაც ჰყავს, თუმცა, ამჟამად ცოტას თუ სურს მათ შესახებ ახალი ნაშრომების დაწერა. ინდუისტური აზროვნების რომელიმე სისტემის განვითარების ისტორიაში ვხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ახალი პრობლემების წამოჭრასთან ერთად, თითოეული სისტემა ცდილობდა, მათთვის საკუთარი მოძღვრებების შესაბამისად თანმიმდევრული პასუხი გაეცა. ფილოსოფიური სისტემების ჩვენ მიერ შერჩეული განხილვის თანმიმდევრობა მკაცრად ქრონოლოგიური ვერ იქნებოდა. მაგალითად, შესაძლებელია, სანქჰიის, იოგისა და მიმამსას ზოგიერთი ფორმის უძველესი სპეკულაციები ბუდიზმს წინ უსწრებდა, მაგრამ ისინი ბუდიზმისა და ჯაინიზმის შემდეგ განვიხილეთ, რადგან ამ სისტემათა ჩვენამდე მოღწეული ვრცელი და დამუშავებული ნაშრომები ბუდიზმზე გვიანდელია. ჩემი აზრით, ვაიშეშიკას სისტემაც, სავარაუდოდ, ბუდამდელი წარმოშობისაა, თუმცა, იგი მოგვიანებით განვიხილეთ: ნაწილობრივ ნიაიასთან მისი მჭიდრო კავშირის გამო, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მისი ყველა კომენტარი გაცილებით გვიანდელი პერიოდით თარიღდება. თითქმის უეჭველად მიმაჩნია, რომ ძველი ფილოსოფიური ლიტერატურის უზარმაზარი ნაწილი დაკარგულია. ეს ტექსტები რომ შემონახულიყო, ისინი სისტემათა ადრეული განვითარების საფეხურებისა და მათ შორის არსებული ურთიერთმიმართებების წარმოჩენაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევდა. მაგრამ, ვინაიდან ისინი ხელმისაწვდომი აღარ არის, იძულებული ვართ, იმით დავკმაყოფილდეთ, რაც შემორჩა. ყველა ის პირველწყარო, საიდანაც მასალა ავიღე, მითითებულია თითოეული სისტემის ლიტერატურის მოკლე მიმოხილვაში, რომელიც შესაბამისი სააზროვნო სისტემის განხილვის დაწყებამდე მოვათავსე.
ჩემს ინტერპრეტაციებში ყოველთვის ვცდილობდი, რამდენადაც შემეძლო, ზუსტად მივყოლოდი პირველწყაროებს. ამის გამო ზოგჯერ ძველი და უჩვეულო გამოხატვის ფორმების გამოყენება მიწევდა, თუმცა, ამგვარი მიდგომა ინდური იდეების გადმოსაცემად ევროპული აზროვნების ფორმების გამოყენებაზე უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნდა. მიუხედავად ამისა, უეჭველად შესამჩნევი იქნება თვალსაჩინო მსგავსებები თანამედროვე ფილოსოფიის მრავალ მოძღვრებასა და იდეასთან. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ადამიანის გონება რაციონალური აზროვნების მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე ფორმებს მისდევს. ინდური აზროვნების არც ერთი ეტაპის ევროპულ აზროვნებასთან შედარება არ მიცდია, ვინაიდან ეს წინამდებარე ნაშრომის ფარგლებს სცილდება. თუმცა, თუკი საკუთარი რწმენის გამოთქმის უფლება მომეცემა, ვიტყოდი, რომ ევროპული ფილოსოფიის მრავალი მოძღვრება არსებითად იგივეა, რაც ინდურ ფილოსოფიაში გვხვდება. ძირითადი განსხვავება ხშირად იმ თვალსაზრისთა განსხვავებაში მდგომარეობს, რომელთა საფუძველზეც ერთი და იგივე პრობლემები ინდოეთსა და ევროპაში ამგვარი მრავალფეროვანი ფორმებით წარმოჩნდა. ინდური ფილოსოფიის განვითარების საერთო ღირებულების შესახებ საკუთარ შეხედულებას წინამდებარე ნაშრომის მეორე ტომის დასკვნით თავში გადმოვცემ.